ირლანდიაში თავშესაფრის მიღების მსურველებს შორის საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან - სტატისტიკურ ინფორმაციას თავშესაფრის მიმღებთა საცხოვრებლებში განთავსებულების შესახებ ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აქვეყნებს. დოკუმენტში, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ნიგერია, სირია, სომალი, ზიმბაბვე და კონგო. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 8-ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინიდან.
საერთაშორისო დაცვის განსახლების სამსახურის (IPAS) მონაცემებით, საქართველოდან თავშესაფრის მსურველები პირველ ადგილას არიან მთელი 2023 წლის განმავლობაში. IPAS-ი საცხოვრებლით აკმაყოფილებს მხოლოდ მათ, ვინც ირლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნით ჩადის და არ აქვს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები. IPAS-ი თავშესაფრის მსურველებს ეხმარება იმ ვადამდე, სანამ საემიგრაციო სამსახური განიხილავს აპლიკაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას.
ირლანდიური მედიის თანახმად, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა 2021 წლიდან იწყება. 2022 წლის პირველ 8 თვეში ირლანდიაში თავშესაფარი ითხოვა 1800-მდე საქართველოს მოქალაქემ, რაც 8-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში.
ირლანდიის ლტოლვილთა საბჭოს მონაცემებით, 2022 წელს იანვრიდან ივლისამდე საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლების 20%-მა მიიღო დადებითი პასუხი, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 18% იყო. საბჭო აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაში საქართველოდან მიგრანტები ძირითად განმცხადებლებს შორის ხვდებიან.
ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში