თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვის ფარგლებში, 25 ივლისის სხდომაზე მოწმის სახით სასაქონლო ექსპერტი დაკითხა. ამირან ჯვარშეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ მას 13 მაისს დაევალა ექსპერტიზის ჩატარება ორი დაზიანებული ავტომობილისთვის, "შკოდა კოროლასა" და "შკოდა რაპიდისთვის". მას უნდა შეეფასებინა ავტომობილების დაზიანებით დამდგარი ზიანის ღირებულება.
ამირან ჯვარშეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ ორივე დაზიანებული ავტომობილი საჯარიმო, ღია ავტოსადგომზე დაათვალიერა. მისი თქმით, "შკოდა კოროლის" შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულებაც 40 000 ლარს შეადგენს, დაზიანებები იმდენად მასშტაბური იყო, რომ ზიანი 39 500 ლარად შეფასდა, "შკოდა რაპიდის" შემთხვევაში კი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 23 000 ლარია, ზიანმა 13 800 ლარი შეადგინა.
პროკურორის განმარტებით, ლაზარე გრიგორიადისს "შკოდა რაპიდის" დაზიანებას გამოძიება არ ედავება.
ექსპერტის გამოკითხვა სასამართლოში დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. მოწმის გამოკითხვის შემდეგ დარბაზში გაისმა ლაზარე გრიგორიადისის მამის კითხვა: "რა არის ეს ერთ, ერთი მოწმის გამოკითხვა. რა ხდება, რატომ წელავთ სასამართლოს?"
მოსამართლემ ბექა გრიგორიადისს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
"დაწყნარდი კი არა, თუ გნებავთ - დამაჯარიმეთ, თუ გინდათ - დამიჭირეთ, თუ გინდათ - გამაციმბირეთ. მე ის მაინტერესებს, იქ გადატრიალებული მანქანა რომ იყო, შსს თუ აწარმოებს მაგაზე გამოძიებას, ვინ გააკეთა ეს და ვინ გააფუჭა?
თქვენო უპირატესობავ ამ დარბაზში, საერთოდ არ მინდა ამ სპექტაკლში მონაწილეობა. ეს არის სპექტაკლი დაგეგმილი, გაწერილი და გინდათ ბავშვი ჩასვათ იმდენი ხანი [ციხეში], რამდენი ხანიც გინდათ", - ამ სიტყვებით დატოვა ბექა გრიგორიადისმა სასამართლოს დარბაზი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გრიგორიადისის საქმის განსახილველ სხდომაზე პროკურატურას მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდა დასაკითხი. ყველა წინა სხდომა, რომლებზეც მოწმეები დაიკითხნენ, ამგვარი დღის წესრიგით მიმდინარეობდა, თუმცა 25 ივლისს მოწმის დაკითხვისთვის გამოყენებული დრო რეკორდულად მცირე აღმოჩნდა.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას 31 მარტს შეუფარდა.
ასევე ნახეთ რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"3 აპრილს, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.
"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ გრიგორიადისის ადვოკატებმა ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს