27 ივლისს ბათუმში შევა სოჭიდან გასული საკრუიზო ლაინერი

ფოტო არქივიდან: ლაინერი Astoria Grande

ორ დღეში, 27 ივლისს, ბათუმში შევა სოჭიდან გასული საკრუიზო ლაინერი. ინფორმაცია დასტურდება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც არ არის ნათქვამი, რომ საკრუიზო გემს ტურისტები გადაჰყავს.

"აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აცხადებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი, რომელიც ბათუმის პორტში შევა, ASTORIA GRANDE, პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - აღნიშნავენ დამატებით სააგენტოში.

22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა, Astoria Grande-მ, ახალი მარშრუტით დაიწყო პირველი რეისის შესრულება.

"ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ერთ-ერთი რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში.

ასევე ნახეთ ტურისტებს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით მოგზაურობას სთავაზობენ

მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, - ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე გუშინ, 24 ივლისს, დაუკავშირდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. უწყებამ ოფიციალური განცხადება დღეს, 25 ივლისს, გაავრცელა.