ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთმა 18 ივლისიდან, უკრაინის სამხრეთში "მარცვლეულის შეთანხმების" დატოვების შემდეგ, გაახშირა თავდასხმები ოდესასა და მის სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე. ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ კრემლი თავს ესხმის ნავსადგურებს, რადგან ფიქრობს, რომ უკრაინა იქ სამხედრო აღჭურვილობას ინახავს.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა Twitter-ზე.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების დროს რუსეთმა გამოიყენა მძიმე Х-22-ის ტიპის რაკეტები, რომლებიც თავდაპირველად ავიამზიდების განადგურებისთვის იყო გამიზნული.
ანგარიში შეგვახსენებს, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა მარცვლეულის რამდენიმე საწყობი ჩერნომორსკის ნავსადგურში და ასევე - ოდესის ისტორიული ცენტრი. 24 ივლისს რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში დოკებზე, რუმინეთის საზღვრიდან 200 მეტრში.
ანგარიშში წაიკითხავთ, რომ მარცვლეულის შესახებ შავი ზღვის შეთანხმების მოქმედების პერიოდში, 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, მოსკოვი თავს იკავებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან. „რადგან რუსეთმა ვერ შეძლო შეთანხმების განახლება, კრემლი, ჩანს, თავს გრძნობს პოლიტიკურად ნაკლებად შეზღუდულად და ცდილობს, თავს დაესხას ოდესას, რადგან ფიქრობს, რომ ამ რეგიონში უკრაინა სამხედრო აღჭურვილობას ინახავს“, - წერია ანგარიშში, რომლის ავტორები ფიქრობენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმები გამოირჩეოდა ცუდი დაზვერვით და მიზნის არჩევის არაეფექტიანი პროცესით.