ესპანეთის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ (PP) მოლაპარაკება დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მხარდაჭერა მოიპოვოს ახალი მთავრობის შექმნისათვის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ალბერო ნუნიეს ფეიხოომ განაცხადა 24 ივლისს.
სახალხო პარტია, თუ უმრავლესობის კოალიციას შექმნის, შეცვლის მემარცხენე მთავრობას, რომელსაც პედრო სანჩესი ხელმძღვანელობდა.
23 ივლისის არჩევნებში გამარჯვებულმა სახალხო პარტიამ 350-დან 136 ადგილი დაისაკუთრა. უმრავლესობის მოსაპოვებლად მას 176 მანდატი ესაჭიროება. იმისათვის, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ მთავრობა ჩამოაყალიბოს, აუცილებელია სხვა პარტიების მხარდაჭერა.
სახალხო პარტია და მემარჯვენე პოპულისტების პარტია VOX-ი შესაძლო კოალიციურ პარტიებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ერთად 169 მანდატი აქვთ, რაც არ ეყოფათ უმრავლესობისთვის. ამას ისინი მხოლოდ სხვა, მცირე პარტიების მხარდაჭერით შეძლებენ.
ნავარის სახალხო კავშირი, რომელსაც ერთი ადგილი აქვს, ერთადერთი მემაჯვენე-ცენტრისტული ძალაა, რომელიც, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ფეიხოოს კანდიდატურას პრემიერის პოსტზე. ამის შემდეგაც მას ექვსი ხმა დააკლდება უმრავლესობისთვის. რეგიონულმა კანარის კოალიციამ, რომელიც კანარის კუნძულებს მართავს სახალხო პარტიასთან ერთად, საჯაროდ გამოაცხადა, რომ Vox-თან არ ითანამშრომლებს.
მმართველმა სოციალისტებმა და ულტრამემარცხენეებმა უკეთეს შედეგს მიაღწიეს, ვიდრე მოელოდნენ - 153 ადგილი მოიპოვეს. პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს, სანჩესს, მეტი საშუალება გაუჩნდა, მთავრობა ჩამოაყალიბოს. მოელიან, რომ ის მცირე, ბასკებისა და კატალანების სეპარატისტულ პარტიებთან ითანამშრომლებს, როგორც 2019 წელს გააკეთა.
ესპანელმა აირჩიეს პარლამენტის ქვედა პალატის 350 დეპუტატი და მისი ზედა პალატის, სენატის 208 დეპუტატი. 23 ივლისს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ის დეკემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ მაისის მუნიციპალურ არჩევნებში თავისი პარტიის წარუმატებლობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა დაითხოვა პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნა ზაფხულისთვის.