ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ამბობს, რომ არასერიოზულია საუბარი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარზე. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არის ჭორი.
"მე მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, შეგვიძლია სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე", - ამბობს წილოსანი.
წილოსანმა ქართულ-რუსული სასწავლებლის გახსნის გავრცელებულ ცნობაზე დასმულ შეკითხვას განსხვავებული კონტექსტითაც უპასუხა: „თუ საგანმანათლებლო ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაფუძნებულა და არ მახსოვს, რომ ამ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ".
დეპუტატმა დაამატა: „არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური, ასე ვთქვათ, პოლიტიკა, ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაც პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში".
ინტერნეტგამოცემა SOVA-მ პრორუსულ გამოცემა "საქართველო და მსოფლიოსთან" საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუზე დაყრდნობით დაწერა, რომ საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება.
"უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი", - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო იმ პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელიც 2023 წლის 20 მაისს განხორციელდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის განკარგულებას.