საქართველოში ე. პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება, - ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა SOVA.
„ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი“, - განაცხადა ე.პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა.
თბილისში რუსული უნივერსიტეტის გახსნის მცდელობას რუსული ექსპანსიის ახალ ტალღად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ასეთი უნივერსიტეტები აფართოებენ რუსული პოლიტიკის გავლენას საქართველოში. განათლების ექსპერტების აზრით, „რუსეთის იმპერია“ განათლებას იდეოლოგიურ მექანიზმად იყენებს, ხოლო საქართველოში რუსული უნივერსიტეტის გახსნა ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე რუსეთის ინტერესებს ატარებს. ექსპერტები შიშობენ, რომ სასწავლებელი დაკავებული იქნება ისტორიის დამახინჯებითა და სტდენტების ღირებულებების შეცვლით.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში "მიდის რეანიმაციის პროცესი" - ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, რუსეთის ბევრ მოქალაქეს აქვს დიდი სურვილი გადაიტანოს ბიზნესი საქართველოში.
„სექტემბერში კიდევ ერთხელ ვგეგმავთ ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში და ველოდებით ახალ საინტერესო ინიციატივებს რუსული მხარისგან. მიმდინარეობს ურთიერთობების აღორძინების პროცესი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და პირდაპირი კომუნიკაცია.
რუსეთის ბევრ მოქალაქეში ვამჩნევ დიდ სურვილს, გადაიტანონ ბიზნესი საქართველოში. თავის მხრივ, ქართველებს შორის არის ბევრი ადამიანი, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის წამოწყება რუსეთში“, - განაცხადა მან.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ „ოფიციალურმა თბილისმა უნდა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“ და დაიწყოს დიპლომატიური დიალოგი „ტერიტორიული მთლიანობის განსაზღვრის საკითხის“ ირგვლივ.
„აუცილებელია რუსეთთან განვიხილოთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური პრობლემების საკითხი, დაიწყოს დიპლომატიური, პოლიტიკური დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის განსაზღვრის საკითხზე. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ საიმედო საფუძველი. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას, ვფიქრობ, მალე მოუწევს რუსულ მხარესთან საუბარი“, - ამბობს რუსული ცენტრის ხელმძღვანელი.
ლორთქიფანიძის თქმით, ივლისში რუსეთში გაიმართება ორი კონფერენცია, რომლებზეც განიხილება „ავიაბილეთების სუბსიდირების“ საკითხი.
პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო იმ პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელიც 2023 წლის 20 მაისს განხორციელდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.