ზელენსკი: ყირიმის ხიდი არის ლეგიტიმური სამიზნე, რომელიც უნდა განეიტრალდეს

ყირიმის ხიდი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ხიდს, რომელიც რუსეთს მის მიერ ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, უკრაინის სამხედრო სამიზნე უწოდა, რომელიც „ნეიტრალიზაციას“ საჭიროებს.

კომენტარი გაკეთდა რამდენიმე დღეში ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებებიდან, რის შედეგადაც იგი ნაწილობრივ დაზიანდა.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ხიდზე შეტევა უკრაინამ მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით, რის საპასუხოდაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვაო პორტებზე მასიური დარტყმები დაიწყეს და მათ "საპასუხო დარტყმები" უწოდეს.

ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის მთელი თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის დასაბრუნებლად და ამ ასპექტში განიხილავს ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდსაც.

როგორც გამოცემა RBC-Ukraine წერს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი არ არის მხოლოდ „პატარა ლოგისტიკური გზა“, არამედ ობიექტი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ ყირიმში პოზიციების გასაძლიერებლად.

„ჩვენთვის ეს არის მტრის ობიექტი, რომელიც აშენდა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და მოქმედი ნორმების დარღვევით. ამიტომ, ეს არის ჩვენი მიზანი და ნებისმიერი მიზანი, რომელსაც მოაქვს ომი და არა მშვიდობა, უნდა განეიტრალდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

17 ივლისს ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქებების სერია გაისმა, რის შედეგადაც ის ნაწილობრივ დაზიანდა. ორი ადამიანი დაიღუპა.

ხიდზე მოძრაობა ამჟამად ნაწილობრივ შეფერხებულია.

რუსეთის ხელისუფლება აფეთქებებში უკრაინას ადანაშაულებს და მათ „ტერორისტულ აქტებად“ აფასებს. ოფიციალური კიევი პირდაპირ არ ადასტურებს, რომ ეს აფეთქებები უკრაინის მიერ იყო ორგანიზებული, თუმდა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ხიდი მათთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა, რომელზე თავდასხმაც შესაძლებელია.