ისრაელის სპეცსამსახურებმა მოთხოვნით მიმართეს რუსეთის სპეცსამსახურებს, შეწყვიტონ ისრაელის საზოგადოების დეზინფორმაციის კამპანია. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Ynet-ი.
მედია ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ სოციალური ქსელების ისრაელის სეგმენტში პრორუსული პროპაგანდის შემცველი ბევრი ცნობა გაჩნდა ივრითზე. მსგავსი პუბლიკაციები, ჩვეულებრივ, შეიცავენ მოწოდებებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტისკენ.
თუმცა, ბოლო ხანს გაჩნდა პროვოკაციული ცნობებიც, რომლებიც ისრაელის შიდა უთანხმოებებს ეხება პოლიტიკური კრიზისისა და მოსალოდნელი სასამართლო რეფორმის ფონზე.
ისრაელის სპეცსამსახურები მეორედ უგზავნიან შეტყობინებას რუსეთს იმ მოთხოვნით, რომ ის არ ჩაერიოს ისრაელის შინაგან საქმეებში. პირველად რუსეთის დაზვერვას ისრაელში ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ, გასული წლის ნოემბერში. მაშინ სოციალური ქსელების ისრაელურ სეგმენტში შეიმჩნეოდა ე.წ. ინტერნეტტროლების აქტივობაც.
ცნობები ისრაელის მოქალაქეთა დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი აქციების ფონზე გაჩნდა. ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის სასამართლო სისტემის რეორგანიზაციას.
ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, პირველ რიგში, უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებებს შეზღუდავს. 1948 წელს სახელმწიფოს დაარსების დღიდან, უზენაესი სასამართლო კონსტიტუციური ზედამხედველობის ორგანოს როლს ასრულებდა, რადგან ქვეყანას არ აქვს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო.
უზენაეს სასამართლოს შეუძლია გააკონტროლოს მთავრობის ქმედებები და დაბლოკოს კანონების მიღება. თუ მთავრობა რეფორმას განახორციელებს, უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი ვეტოს დაძლევა შესაძლებელი გახდება უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით, 61 ხმით. კოალიციას ნეთანიაჰუს მეთაურობით 65 ადგილი აქვს ქნესეთში, ამიტომ მას შეეძლება ნებისმიერი კანონის მიღება და გაუქმება.
ნეთანიაჰუ არსებულ ვითარებას ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს, რადგან სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ქმედებების შეზღუდვა. რეფორმის კრიტიკოსების აზრით, ეს რეფორმა მთლიანად გაუხსნის ხელებს ნეთანიაჰუს მთავრობას, რომელიც თავად არის დადანაშაულებული კორუფციაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში.