თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია ბუსკაძემ ძალადობად მიიჩნია ბავშვის ვიდეოფრაგმენტის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის და დამცავი ორდერი გამოსცა პრორუსული ორგანიზაცია "საქართველო უპირველეს ყოვლისა"-ს წევრ ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც ფეისბუკზე გაავრცელა ჰომოფობიური ვიდეოკოლაჟი არასრულწლოვანი ევგენია კეპულაძის მონაწილეობით.
სასამართლო დავა ეხებოდა ივლისის თვეში, "თბილისი პრაიდის" მიერ ლისის ტბაზე დაგეგმილი დახურული ღონისძიების წინ გავრცელებულ ვიდეოს, რომლის მიზანიც ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება და დაგეგმილი ღონისძიების ჩასაშლელად მათი გამოყენება იყო. ამ ვიდეოში გამოყენებული იყო ფრაგმენტი ბავშვის 4 წლის წინ ერთ-ერთ ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც ის ლაპარაკობს წიგნზე "ძილისპირულის ამბები მეამბოხე გოგონებისთვის." ესაა გამოცემა, რომელიც ათობით განსხვავებული პროფესიის, რელიგიის, ქვეყნის წარმომადგენელი ქალის ისტორიას აერთიანებს - წიგნი ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდა მასში შემავალი ტრანსგენდერი ქალის ისტორიის გამო.
"ძალადობრივი ჯგუფების აქტივისტი ბავშვზე მოძალადედ ცნო სასამართლომ და დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის დაცვის მიზნით.
ეს არის პირველი საქმე, სადაც როგორც იქნა სახელმწიფომ აღიარა რომ “ბავშვების დამცველების” ნიღაბს ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები არიან ბავშვებზე მოძალადეები" - დაწერა სასამართლოს დასრულების შემდეგ ბავშვის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა, ანა თავხელიძემ. სწორედ ის და ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სხვა ადვოკატები იცავდნენ არასრულწლოვანის ინტერესებს სასამართლოში.
ბავშვი, რომლის ვიდეო ფრაგმენტიც პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, ჟურნალისტების, ელისო ჯარიაშვილისა და გიორგი კეპულაძის შვილია. მშობლები ვიდეოს ფეისბუკზე გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვნენ სამართლებრივ რეაგირებას და ვიდეოს წაშლას. ადვოკატების განმარტებით, დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სამართალდამცველებმა ბავშვის უფლების დარღვევის ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს. მას შემდეგ, რაც ბავშვის მშობლებმა პოლიციას მიმართეს რეაგირებისთვის, ვიდეო კიდევ დღეების განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კი ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობლები პოლიციასთან არ თანამშრომლობდნენ.
"სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს.
სამინისტრომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს ბავშვის დედა ან ბავშვის ადვოკატები არ თანამშრომლობდნენ სისტემასთან. არაერთგზის მივმართეთ მათ, მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერი, თუმცა სამინისტრომ დემონსტრაციულად თქვა უარი ბავშვი უფლების დაცვაზე. სასამართლომ თქვა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რისი აღკვეთაც ევალებოდა შსს-ს და მათ ეს არ გააკეთეს"- უთხრა მედიას ადვოკატმა ანა თავხელიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ხატია ჯანაშიას დამცავი ორდერით აეკრძალა არასრუწლოვანის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება და ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება.
"მიუხედავად არსებული სასამართლო კლანისა, მოსამართლემ ვერ გაბედა არ გამოეცა შემაკავებელი ორდერი ბავშვის უფლებების დამრღვევის მიმართ. ეს იყო ძალიან ნათელი მაგალითი, როგორ დაარღვიეს მოძალადე ჯგუფებმა ბავშვის უსაფრთხოებაც კი.
სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი ჩვენი საქმით, რომ ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალდეებად. ეს არის ჩემი სამართლებრივი დავის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ შსს-მ სწორედ იმიტომ რომ მე წარმოვადგენ "ფორმულას", ვარ კრიტიკული ჟურნალისტი, დემონსტრაციულად მითხრა უარი ბავშვის უფლებების დაცვაზე" - თქვა ელისო ჯარიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. მისი თქმით, გააგრძელებს სამართლებრივ დავას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ბავშვების უფლებების დასაცავად.