CIA-ის დირექტორი: პუტინმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, როგორ მოექცეს პრიგოჟინს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ს, დირექტორი უილიამ ბერნსი. ლენგლი, ვირჯინიის შტატი. 8 ივლისი, 2022 წელი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აჯანყებიდან ერთი თვის შემდეგ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ მოექცეს მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს.

ამის შესახებ თქვა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ს, დირექტორმა უილიამ ბერნსმა „ასპენის“ ინსტიტუტში, უსაფრთხოების ფორუმზე. ბერნსის თანახმად, „ვაგნერი“ კრემლისთვის მნიშვნელოვანი გაერთიანებაა, მათ შორის თავისი დაქირავებული ჯარისკაცების ყოფნის გამო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. CIA-ს დირექტორი ვარაუდობს, რომ პუტინი შურისმაძიებელია, ახლა ცდილობს პრიგოჟინი "დააშოროს" „ვაგნერს“ და შემდეგ გეგმავს მასთან ანგარიშსწორებას.

ბერნსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა წინასწარ იცოდა „ვაგნერის“ აჯანყების შესახებ. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვის კრიტიკის ფონზე, პრიგოჟინის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"ვაგნერის" ამბოხება დაიწყო 23 ივნისს და მეორე დღესვე დასრულდა. რუსეთის ხელისუფლებასთან და ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეთანხმებით, დაქირავებულ მებრძოლებს ბელარუსის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცათ. მინსკის ცნობით, ახლა „ვაგნერელები“ მოგილიოვის რაიონში იმყოფებიან და ამზადებენ ტერიტორიული თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეებს.

„როსგვარდიის“ მეთაურმა ვიქტორ ზოლოტოვმა ბუნტის შემდეგ „ვაგნერის“ ამბოხების ორგანიზებაში დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები. ამასთან, ზოლოტოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს საერთო აჯანყების ორგანიზებასთან.