რუსულ გასამხედროებულ ჯგუფ "ვაგნერთან" დაკავშირებულ ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს "ვაგნერის" ხელმძღვანელების, ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის გამოსვლას მეომრების წინაშე. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი ბელარუსშია გაკეთებული, თუმცა დადგენილი არ არის მისი გადაღების ზუსტი თარიღი.
ჩანაწერში პრიგოჟინი და უტკინი აცხადებენ, რომ "ვაგნერელები" დროებით ამ ქვეყანაში დარჩებიან, შემდეგ კი დაბრუნდებიან აფრიკაში და შესაძლოა - უკრაინის ფრონტზე. ისინი ამბობენ, რომ ამ პერიოდში ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან აპირებენ შექმნან "მსოფლიოს მეორე არმია" და რაიმე ტიპის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში იბრძოლებენ ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მხარეს.
ამასთან, პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის მოქმედებები. "ის, რაც ახლა ხდება ფრონტზე, არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც საჭირო არ არის", - თქვა მან.
ვიდეოჩანაწერი საღამოს საათებშია გადაღებული და მოლაპარაკეთა სახეები მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა მათი ცნობა ხმებით არის შესაძლებელი.
"ვაგნერის" მებრძოლებმა 23-24 ივნისს შეიარაღებული მსვლელობა მოაწყვეს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით - „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ქმედებები ამბოხებად შეაფასა. კოლონათა გადაადგილება შეჩერდა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ. გამოცხადდა, რომ ამბოხებაში მონაწილეობისთვის არავინ დაისჯებოდა, ხოლო "ვაგნერი" ბელარუსში გადაინაცვლებდა.
სადამკვირვებლო პროექტი "Беларускi Гаюн-ი" წერს, რომ მხოლოდ 18 ივლისს ბელარუსში ჩავიდა "ვაგნერის" მებრძოლთა სამი საავტომობილო კოლონა, ანუ 1400-1500-მდე პირი. საერთო ჯამში, 11 ივლისიდან ბელარუსში ჩასული მებრძოლების რიცხვი შესაძლოა 2500-ს უტოლდებოდეს. ბელარუსში რეგულარულად დაფრინავს პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი.
ასევე ნახეთ "სახიფათო სტუმრები" - რაში გამოადგება "ვაგნერი" ლუკაშენკას?ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ბელარუს ჯარისკაცებს გაწვრთნიან.
ოთხშაბათს ბელარუსის საზღვრის დაცვის ძალებმა დროებით გააუქმეს 5 მაისს ამოქმედებული კონტროლის ზომები ბელარუსისა და რუსეთის საზღვარზე. უცნობია, რამდენად უკავშირდება ეს "ვაგნერის" ძალების ბელარუსში გადასვლას.
ნატოს წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" ბელარუსში გადასვლაზე. პოლონეთი საზღვარს დამატებითი ძალებით იცავს.
ასევე ნახეთ „ვაგნერის“ რეკრუტთა შემკრები ცენტრები დაიხურა, თუმცა მიღება გრძელდება?"მსოფლიოს მეორე არმიას" ზოგიერთი ანალიტიკოსი რუსეთის არმიას უწოდებდა, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრამდე. უკრაინაში რუსეთის სამხედროების მიერ განცდილი არაერთი მარცხის შემდეგ ამ გამოთქმას ირონიული მნიშვნელობით იყენებდნენ. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლახან რუსეთის არმიას უწოდა "სიძლიერით მეორე არმია უკრაინაში". თავად პრიგოჟინი "ვაგნერს" უწოდებს "მსოფლიოს პირველ არმიას".