ბელარუს ჟურნალისტს და მის ცოლს ასამართლებენ ლუკაშენკას საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობისთვის

ზმიცერ და ვალერია ბაიაროვიჩები

ცნობილ ბელარუს ჟურნალისტს და ფოტოგრაფს, ზმიცერ ბაიაროვიჩს და მის ცოლს, ვალერიას, ასამართლებენ იმ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც იმართებოდა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

მინსკის ლენინის რაიონის მოსამართლე იულია ინჩინამ სასამართლო პროცესი 19 ივლისს გახსნა. ბაიაროვიჩი და მისი ცოლი მარტში დააპატიმრეს, თავიანთ საცხოვრებელ სახლთან ახლოს.

ბელარუსში ადამიანის უფლებების დამცველები წყვილს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

ზმიცერ ბაიაროვიჩი მუშაობდა სახელმწიფო ტელეარხ STV-ზე, თუმცა სამსახური 2020 წელს დატოვა, ლუკაშენკას ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევის გასაპროტესტებლად.

დღესვე, 19 ივლისს, მინსკის ლენინის რაიონის სხვა მოსამართლემ, მარინა კლიმჩუკმა, გახსნა სხდომა როკჯგუფ Hurma-ს ყოფილი ლიდერის, მიკიტა ნაიძიონაუს წინააღმდეგ. იგი 2020 წელს ასევე მონაწილეობდა ლუკაშენკას საწინააღმდეგო გამოსვლებში.