ბრიტანეთის უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის თქმით, ივნისში რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ზეწოლის ქვეშაა. მურმა დასძინა, რომ ოპტიმისტურად აფასებს უკრაინის მიერ წარმოებულ კონტრშეტევას.
პრაღაში ვიზიტისას, 19 ივლისს წარმოთქმულ სიტყვაში მურმა ასევე თქვა, რომ რუსებმა, რომლებიც შეძრწუნებული არიან უკრაინაში მიმდინარე ომით, უნდა ითანამშრომლონ მის სადაზვერვო სამსახურთან იმისთვის, რომ სისხლისღვრას წერტილი დაესვას.