BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკაში პუტინის ნაცვლად ლავროვი ჩავა

ფოტო არქივიდან: სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პორტრეტის ქვეშ ლიბიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. 2016 წლის 23 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკაში აგვისტოში დაგეგმილ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (BRICS) ლიდერთა სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნაცვლად ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ვებსაიტი აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, ცვლილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შედგა.

მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან ითხოვა ნებართვა, რომ არ დაეპატიმრებინათ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სამხრეთ აფრიკაში აგვისტოში დაგეგმილ სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული და სამხრეთ აფრიკას, რომელიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვს.

პრეზიდენტმა რამაფოსამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებართვა მას შემდეგ სთხოვა, რაც სამხრეთ აფრიკის ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, რომ პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მთავრობამ უზრუნველყოს მისი დაპატიმრება. სირილ რამაფოსას განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას პრობლემა აქვს, რადგან რუსეთმა ნათლად გააგებინა, რომ პუტინის დაპატიმრება ომის გამოცხადება იქნება. რამაფოსას ინფორმაციით, მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაიწყო კონსულტაცია, თუმცა დეტალებს ვერ გაამხელს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, სირილ რამაფოსას აგრძნობინა, რომ თუ პუტინს სამიტზე დააკავებდნენ, ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.

"არა, არაფერი გაჟღერებულა, არავის არავისთვის არაფერი უგრძნობინებია. სამყაროში აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რას ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ხელყოფის მცდელობა. ამიტომ არავისთვის არაფერია ასახსნელი", - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.

აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (BRICS) ლიდერთა სამიტი.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.

2023 წლის 25 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა“, მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება, ზოგიერთ შემთხვევაში არასამართლიანი დამოკიდებულების გამო. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება საერთაშორისო შეთანხმების, რომის სტატუტის ხელმომწერად და შესაბამისად, კვლავ აღიარებს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას.