სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ითხოვს ნებართვას პუტინის დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა 2023 წლის ივნისში იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან ითხოვა ნებართვა, რომ არ დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის სამხრეთ აფრიკაში ჩავა აგვისტოში დაგეგმილ სამიტზე დასასწრებად. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ადგილობრივ სასამართლოზე დაყრდნობით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული და სამხრეთ აფრიკას, რომელიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვს.

პრეზიდენტმა რამაფოსამ ნებართვა მას შემდეგ სთხოვა, რაც სამხრეთ აფრიკის ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, რომ პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მთავრობამ უზრუნველყოს მისი დაპატიმრება. სირილ რამაფოსას განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას პრობლემა აქვს, რადგან რუსეთმა ნათლად გააგებინა, რომ პუტინის დაპატიმრება ომის გამოცხადება იქნება. რამაფოსას ინფორმაციით, მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაიწყო კონსულტაცია, თუმცა დეტალებს ვერ გაამხელს.

ასევე ნახეთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს სურს, პუტინს BRICS-ის სამიტზე ჩასვლა გადააფიქრებინოს

აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის(BRICS) ლიდერთა სამიტი, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. კრემლს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ პუტინი სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას გეგმავს.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.

2023 წლის 25 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა“, მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება, ზოგიერთ შემთხვევაში არასამართლიანი დამოკიდებულების გამო. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება საერთაშორისო შეთანხმების, რომის სტატუტის ხელმომწერად და შესაბამისად, კვლავ აღიარებს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას.