შარშან საზღვრიდან 22 ათასამდე უცხოელი გააბრუნეს - ვის არ უშვებს მესაზღვრე საქართველოში - TDI-ის კვლევა

ფოტო არქივიდან: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის უმრავლესობის აზრი უარყოფითია, "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების" ინსტიტუტმა შეისწავლა, რა მიზეზით და ვის ეუბნებიან უარს ქართველი მესაზღვრეები. მონაცემების შეგროვებისას არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს სრულყოფილი ბაზა ამ საკითხზე - TDI ითხოვდა ინფორმაციას ვიზიტორთათვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერ მიიღეს ინფორმაცია, რამდენი უცხოელი და რა მიზეზით გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან. ამის გამო TDI დაეყრდნო სახალხო დამცველის მიერ შსს-დან მიღებულ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, 2022 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 3 246 757 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 21 698-ს უარი ეთქვა. ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში შემოშვებაზე უცხოელებს უარს ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტებისა და დაკონკრეტების გარეშე​ ეუბნება.

"ეს პრაქტიკა, წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებით თვალშისაცემია აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებით. მაგალითად, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამედიცინო ფაკულტეტის სამხრეთაზიელი სტუდენტები ამბობენ, რომ ამ ქვეყნებიდან ტურისტებისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც ყველა სათანადო დოკუმენტი აქვთ, ჩვეულებრივი ამბავია, რომ უარი უთხრან ქვეყანაში შემოშვებაზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შემდეგი რეისით უკან დააბრუნონ.

ისინი ჰყვებიან, თუ როგორ დააბრუნეს საქართველოდან უკან ინდოელი და ნიგერიელი სტუდენტები მიზეზის სათანადო განმარტების გარეშე. სამედიცინო ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი კი იხსენებს, თუ როგორ გაიყვანეს მოშორებით მესაზღვრეებმა გამოსაკითხად, როდესაც ის საქართველოში პირველად ჩამოვიდა", - წერია კვლევაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ორგანიზაციამ სცადა გაეანალიზებინა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ. ორგანიზაცია ეყრდნობა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მონაცემებს, რომლიდანაც ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის მინიმუმ - 340, უკრაინის - 65, ხოლო ბელარუსის 16 მოქალაქე.

საქართველოში არ შემოუშვეს:

უკრაინელი საჯარო პირები:

  • უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი;
  • ექსპრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში;
  • მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი;
  • უკრაინის იმ დროისათვის მოქმედი სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა;
  • უკრაინელი ტელეწამყვანი რომან დრიბნოი.

რუსი ჟურნალისტები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები:

  • ჟურნალისტი, საქველმოქმედო ფონდ „Нужна помощь-ის" თანადამფუძნებელი, მედიაპორტალ „Такие дела-ს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დმიტრი ალეშკოვსკი;
  • „მედიაზონის“ ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი;
  • დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი;
  • რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი;
  • რუსი მწერალი ფილიპ ძიადკო;
  • ალექსეი ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი;
  • ოპოზიციონერი ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო;
  • პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი და დისიდენტი დმიტრი ბიკოვი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, როცა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება, ქართველი მესაზღვრეები ჩრდილოკავკასიელების დიდ ნაწილს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარს ეუბნებოდნენ და მიზეზის აუხსნელად უკან აბრუნებდნენ.

"ჩრდილოკავკასიელი რესპონდენტები მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავდნენ, რომ მესაზღვრეები მათ, სავარაუდოდ, სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის გამო, აგრეთვე იმის გამო, რომ პასპორტში დაბადების ადგილად ჩრდილოეთ კავკასია ჰქონდათ მითითებული, დამატებითი შემოწმების გასატარებლად სპეციალურად გამოყოფილ ოთახში (ოთახი N222) აყოვნებდნენ", - წერს "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი".

ორგანიზაცია აქვეყნებს ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩეჩნეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებთან ჩატარებული ინტერვიუების ფრაგმენტებსაც:

  • „რასაც შევესწარი, იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მუყაოს ყუთები ჰქონდათ გაშლილი ადამიანებს და იქვე ეძინათ. კაცები წვერს იპარსავდნენ და ამბობდნენ, უწვეროდ უფრო მარტივად გაგვიშვებენო. მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებს ეპყრობოდნენ ასე“, - 35 წლის ბულატი.
  • „ჩემს გვარზე გაამახვილეს ყურადღება, ჰიჯაბი მეხურა და მკითხეს, ასეთი ჩაცმულობა რატომ გაქვსო. შემდეგ დაწვრილებით გამომკითხეს, როდის მივიღე ისლამი, მოძღვარი მყავდა თუ არა, ჩემი ქმარიც მუსლიმი იყო თუ არა და მან ხომ არ მიმაღებინა ისლამი. ჩემი ქმარი ბათუმში ცხოვრობს და მასთან ჩავდიოდი ექვსი წლის შვილთან ერთად. სხვა თავსაფრიანი ქალებიც ამბობდნენ, რომ რელიგიაზე ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებასო“, - 32 წლის ნინა.

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში" სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ რასობრივი შეუწყნარებლობის კვალიფიკაციით საქართველოში მომხდარ დანაშაულზე გამოძიება არ დაწყებულა.