„ფორმულის" ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე ბრალდებულს გირაო შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 17 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3 000 ლარი, შეუფარდა.

მოქალაქე ნ.ძ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 14 ივლისს დაიწყო.

ძალადობის ფაქტი კი, გამოძიების ვერსიით, 13 ივლისს ბათუმში მოხდა, როდესაც „ფორმულის“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი თემო ხუხია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ ბათუმში მცხოვრებ ნ.ძ.-სთან. მან სალომე ბოკუჩავას, ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა თავზე და თავით მიაჯახა კედელს. როგორც საგამოძიებო ორგანი აღნიშნავს, ჟურნალისტმა აღნიშნული ქმედების გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

17 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორი ბრალდებულისთვის 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.