აზერბაიჯანი მოსკოვს აკრიტიკებს 2020 წლის შეთანხმების არასრული შესრულების გამო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარჯვნივ), აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარცხნივ) სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად. 26 ნოემბერი, 2021 წელი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრიტიკა გამოთქვა მოსკოვისადმი, რომ მან „არ უზრუნველყო აზერბაიჯანსა და მეზობელ სომხეთს შორის 2020 წლის სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული შესრულება“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 16 ივლისის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვმა „არაფერი გააკეთა“, რომ შეეჩერებინა აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში სომხეთიდან იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის, რომლებსაც ერევანი უჭერს მხარს.

ბაქოს განცხადება მოჰყვა წინა დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მათი შუამავალი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი.

მოლაპარაკების მიზანია, დასრულდეს ხანგრძლივი დაპირისპირება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო. ბოლო ორ წელიწადში ეს იყო ორი პოლიტიკოსის მეექვსე შეხვედრა.

მიშელმა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მოლაპარაკება იყო „გულწრფელი, პატიოსანი და საგნობრივი“. მან მხარეებს მოუწოდა „ძალადობისა და მძაფრი რიტორიკის“ დასრულებისკენ და ორივე პოლიტიკოსი მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე მიიწვია, ზაფხულის შემდეგ.

სომხეთს და აზერბაიჯანს დავა აქვთ აზერბაიჯანის კუთვნილი, უპირატესად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის, რომელიც 1990-ინი წლებიდან სომხური ძალების კონტროლის ქვეშ იყო მანამ, სანამ 2020 წლის შემოდგომაზე სამხედრო დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი არ აღიდგინა გარკვეულ ტერიტორიებზე.

ამას მოჰყვა მოსკოვის შუამავლობით შეთანხმების მიღწევა და რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო ძალები", რომლებიც აკონტროლებენ მთიანი ყარაბაღის და სომხეთის შემაკავშირებელ ერთადერთ გზას, ლაჩინის დერეფანს. დერეფანი ამას წინათ დაიკეტა ბაქოს მიერ, რასაც შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვეს რეგიონში.

14 ივლისს ბლოკადის მიმართ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლა მოეწყო. ბლოკადის მიუხედავად, რეგიონის ჯანდაცვის უწყების თანახმად, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოხერხდა 11 მძიმე ავადმყოფის გადაყვანა სომხეთში.