შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ 8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ფესტივალი უნდა გამართულიყო, პოლიციამ საკუთარი მთავარი მიზანი შეასრულა. ამ დღეს სიძულვილის ჯგუფებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონები და ჩაშალეს ფესტივალი, დააზიანეს ინვენტარი.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ "პრაიდის" მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია. გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება და დაზიანებულიყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო და მთავარი მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა", - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ.
მას უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა გააცნო აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება - ელჩმა თქვა, რომ "დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა... ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია".
ასევე ნახეთ დეგნანი "პრაიდის ფესტივალზე": ექსტრემისტების ვანდალიზმს პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონიაკრიმინალური პოლიციის უფროსი ამბობს, რომ იმ დღეს 3000-მდე პოლიციელი მუშაობდა და მათი მიზანი იყო დაეცვათ "როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა", თუმცა ადგილზე ხალხის დიდი რაოდენობა მივიდა.
"ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე, ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო. ეს ადამიანები ცდილობდნენ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც "პრაიდის" ღონისძიება ტარდებოდა".
თეიმურაზ კუპატაძეს არ უთქვამს, რატომ არ დააკავა პოლიციამ იმ დღეს ორ ადამიანზე მეტი იმის მიუხედავად, რომ მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები და შეიჭრნენ კერძო ტერიტორიაზე.
ასევე ნახეთ რამდენიმე „მაგრამ“, რის გამოც შსს-მ ვერ (არ) უზრუნველყო „პრაიდის ფესტივალის“ ჩატარება8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, დაიკავეს ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.
მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".
ჩაშლილი „პრაიდის ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.