ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა მადლიერი უნდა იყოს და მოკავშირეებს ისე არ უნდა ეპყრობოდეს, როგორც „ამაზონს“

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი. კიევი. 2023 წლის 24 მაისი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებამ, რომ უკრაინა უფრო მეტად უნდა იყოს მადლიერი დასავლეთის სამხედრო დახმარებისთვის და მოკავშირეებს ისე არ უნდა ეპყრობოდეს, როგორც „ამაზონს“ (ონლაინ მაღაზია), გაკვირვება გამოიწვია.

ბრიტანეთის მედიას მოჰყავს მინისტრის კომენტარი, რომ მან ვაშინგტონში გაიგონა კანონმდებლების „წუწუნი,“ რომ „არ ვართ „ამაზონი“, დაეთანხმა ამ ნათქვამს და განაცხადა, რომ უკრაინელებს იგივე უთხრა. მინისტრის თქმით, უკრაინელებს ისე ეჩქარებათ ყოველგვარი დახმარების მიღება, რომ ყოველთვის არ ამბობენ მადლობას იმისთვის, რაც უკვე გადაეცათ.

„მოგწონთ თუ არა ეს, ხალხს სურს მცირე მადლიერება დაინახოს“, - თქვა მინისტრმა ნატოს სამიტზე. უოლესის თანახმად, შარშან უკრაინაში ჩასვლისთანავე გადასცეს საჭირო იარაღის სია.

„იცით, ჩვენ არ ვართ „ამაზონი“, - ვუთხარი მათ შარშან მას მერე, რაც 11 საათი გზაში ვიყავი ამ სიის მისაღებად", - ამბობს უოლესი.

უოლესი ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ მკვეთრ განცხადებას, როცა უკმაყოფილება გამოთქვა ალიანსის კომუნიკეს გამო.

ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის პრესმდივნის, მაქს ბლეინის თანახმად, გამონათქვამებს ასეთი ყურადღება არ უნდა მიექცეს: „ვფიქრობ, არაერთხელ გაიგონეთ პრეზიდენტ ზელენსკისგან მადლიერების სიტყვები დიდი ბრიტანეთის მიმართ, მისი მხარდაჭერისა და გულუხვობისთვის“.