ეროვნულ კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ რამდენიმე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტა.
მათ შორის დავით დავითიანსა და ლევან აბდუშელიშვილს. ორივე მათგანმა რეორგანიზაციის გამოცხადებამდე და კობა ხუბუნაიას კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, გაგა ჩხეიძეს და გაემიჯნნენ იმ განცხადებას, რომელიც კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა 2 ივნისს.
ამ განცხადებაში კინოცენტრი გოეთეს ინსტიტუტს, რომელმაც გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, "ფარისევლურ ბრალდებებში" ადანაშაულებდა და ეჭვქვეშ აყენებდა სახელმწიფოს მხრიდან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსების პერსპექტივას.
დავით დავითიანმა და ლევან აბდუშელიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები დღეს, 12 ივლისს, მიიღეს.
შაბლონურ ტექსტში ნათქვამია, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციისთვის 2023 წლის 10 ივნისს შეიქმნა "სპეციალური კომისია", რომელმაც 20 ივნისს გამართა სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რა სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო ორგანიზაციაში.
გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნული არ არის, ვინ შედიოდა სპეციალური კომისიის შემადგენლობაში - გათავისუფლების ბრძანებას მხოლოდ კობა ხუბუნაია აწერს ხელს. დოკუმენტებში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ "მართვის ოპტიმიზაციის მიზნით გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე" აუცილებელი გახდა "სამუშაო ძალის შემცირება."
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გათავისუფლებულ თანამშრომლებთან კომისიას კომუნიკაცია არ ჰქონია - გადაწყვეტილების მიღებამდე არც გასაუბრებები გამართულა მათთან.
როგორც ლევან აბდუშელიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ბრძანებით ის კინოცენტრიდან "ნაწილობრივ გათავისუფლებული" გამოდის იმის გათვალისწინებით, რომ ორ პოზიციაზე მუშაობდა ერთდროულად - ერთი შტატიანი პოზიცია იყო, მეორეზე კი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული. შტატით გათვალისწინებული პოზიციიდან გათავისუფლების ბრძანება მას ჯერ არ მიუღია.
სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას ფეისბუკზე აქვეყნებს დავით დავითიანიც.
ლევან აბდუშელიშვილისა და დავით დავითიანის გარდა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესში კინოცენტრიდან გაათავისუფლეს ასევე გიორგი მოცრაძე, დავით ვაშაძე და ორი სხვა ადამიანი.
რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლების ბრძანება მიიღო ასევე კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნინო კუხალაშვილმა. მის შემთხვევაში გადაწყვეტილების არგუმენტად დასახელებულია "ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, რაციონალიზაცია და მმართველობითი პროცესების გამარტივების მიზნით განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები". თავად ნინო კუხალაშვილი ამ მიზეზს "უტიფრობას" და "თვალებში ნაცრის შეყრას" უწოდებს.
"მოადგილეების პოზიციის გაუქმებით დაზოგილი თანხა ჩაიდო ბაჩო ოდიშარიას ახალი თანამდებობის, ცენზორის ხელფასში. გიორგი ცხვედიანი კი იმ ვაკანსიაზე დაინიშნა, რომელიც წლების განმავლობაში იმიტომ იყო თავისუფალი, რომ კინოექსპორტის დეპარტამენტს უბრალოდ არ სჭირდებოდა იმაზე მეტი თანამშრომელი ვიდრე ჰყავდა", - დაწერა მან ფეისბუკზე 11 ივლისს, როცა გათავისუფლების ბრძანება გამოაქვეყნა.
კინოცენტრს რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და არც ის განუმარტავს, რა მიზანს ემსახურებოდა ეს პროცესი. რადიო თავისუფლების მცდელობები, მასალის გამოქვეყნებამდე დაჰკავშირებოდა უწყებას დამატებითი განმარტებების მისაღებად, უშედეგოდ დასრულდა.
ასევე ნახეთ რეორგანიზაცია კინოცენტრში - ვინ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს?ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაცია ერთი თვის წინ გამოცხადდა. კინოცენტრის თანამშრომლები და კინოს სექტორის წარმომადგენლები მთელი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებით, ოფიციალური წერილებით და საჯარო განცხადებებით ითხოვდნენ ჯერ კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, შემდეგ კი კულტურის მინისტრთან შეხვედრას.
სამინისტროს და კინოცენტრის მენეჯმენტის მხრიდან იგნორირების ფონზე, კინემატოგრაფისტები კინოცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეზე და ცენზურის დაწესების მცდელობებზე საუბრობენ.
კინოს ცენზურისგან დასაცავად დღეს თბილისში, კულტურის სამინისტროსთან, აქციაა დაგეგმილი.