წყნეთში, სკვერის მიმდებარედ, დენის დარტყმით მოზარდი დაიღუპა

შემთხვევის ადგილი

ღამით თბილისში, წყნეთის დასახლებაში, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, 16 წლის მოზარდი დენის დარტყმით გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.

"სტუმრად იყო მოსული. ბავშვები თამაშობდნენ აქ... აქ რეაბილიტაციის პროცესია და იქ [ფანჩატურში] რანაირად უნდა გაეტარებინა დენს, ვერ ვხვდები... როგორც ჩანს, დენმა დაარტყა. მანამდე ექიმები შველოდნენ, სასწრაფო მოვიდა, 45 წუთი უტარებდა გულის მასაჟს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომლის ჩაწერაც ჟურნალისტებმა შეძლეს.

ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მოზარდის გარდაცვალების სკვერში მიმდინარე სამუშაოებთან კავშირის შესახებ არის სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.

"ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო", - აცხადებენ გამგეობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე - უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. შემთხვევის ადგილი საპოლიციო ლენტებით არის შემოსაზღვრული.