საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს 74-ე სამიტის წინა დღეს ამ ორგანიზაციისა და მასში საქართველოს გაწევრების მნიშვნელობაზე ღია წერილს აქვეყნებს. იგი იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომსაც.
"საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ...
ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყომისი შეფასებით, ნატოში საქართველოს "უარყოფის" შიდა პოლიტიკით გამართლება "არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება".
"სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში...
ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატოსგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატოში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს".
მან გაიხსენა 2002 წელი, როცა ალიანსის წევრობაზე განაცხადი შეიტანა საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
"ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“.
იყო რაღაც წინასწარმეტყველური ოც წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა".
ნატოს 74-ე სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება. საქართველოდან სამიტში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.