ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადროვი ირწმუნება, რომ მის მიერ შექმნილი სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ რუსეთის არმიის სარდლობამ „გადაისროლა“ ბახმუტის „რთულ მიმართულებაზე“. კადიროვმა 9 ივლისს, ღამით, ტელეგრამზე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ქვედანაყოფის „მაღალ ბრძოლისუნარიანობას“ და იმას, რომ გენერალური შტაბი „ახმატს" ენდობა.
რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2023 წლის მაისში დაამყარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეშვეობით. „ვაგნერელებმა“ ბახმუტი ივნისის დასაწყისში დატოვეს, ივნისის ბოლოს კი, ამბოხება მოაწყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
9 ივლისს უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და ზოგიერთ ადგილას მტერი ხაფანგში ექცევა.