„ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ“ -  ჩეხეთის ელჩი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ეხმაურება

პეტრ მიკისკა, ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალის" ჩაშლას ტვიტერზე ეხმაურება, ფოტოებსაც აქვეყნებს და წერს, რომ ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ.

„შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის ეს გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – წერს ელჩი.

მის გარდა, ანტილგბტ აქციის მონაწილე, ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოში გერმანიის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩები.

ასევე ნახეთ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი შეძრწუნებულია "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის გამო

8 ივლისს, თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი დილიდან დაიძრა ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს.

ასევე ნახეთ „სევდიანი დღე თბილისში. დაირღვა კანონი“ - გერმანიის ელჩი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ეხმაურება

პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია.

მათ მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.