დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა, ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება (მე-17 მუხლი) და შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი), აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალი“ ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა პოლიცია, რომელმაც ვერ აღკვეთა ძალადობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც, მისივე აზრით, ახალისებს ძალადობას.
„შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომ და სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონა რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს.
აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით, არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დამატებით გააკრიტიკა კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
ასევე ნახეთ პაპუაშვილის თქმით, პოლიციამ „სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება“ ჩაშლილ „პრაიდ ფესტივალზე“პრეზიდენტის შეფასებით, სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას.
ზურაბიშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „რეალურად აღკვეთოს“ ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, რადგან ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართლის დაცვა.
ის, ასევე, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს სიძულვილის ენის გამოყენება და დაპირისპირების წაქეზება, რომელიც „მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც არის სრულიად გაკონტროლებული“.
„თბილისი პრაიდი“ პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა მათ. თუმცა 8 ივლისს, პრაიდფესტივალის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციისა თუ სპეცრაზმის მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, შეაღწია ფესტივალის ტერიტორიაზე. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. მოძალადეებმა დახიეს ცისარტყელას დროშა და დაარბიეს ინვენტარი. ფესტივალი ჩაიშალა.