ჟურნალისტებმა უკრაინაში 27 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

7 ივლისის მონაცემებით, დადასტურდა უკრაინასთან ომის დროს დაღუპული 27 423 რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელები. დანაკარგების შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსულმა სამსახურმა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა გუნდთან ერთად მოიპოვეს.


მათ შორის სულ მცირე 240 რუსი სამხედრო, მათგან რამდენიმე - მაღალი რანგის ოფიცერი, ბოლო ხანს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებიდან დაიღუპა. 4 ივნისიდან უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე ერთი გენერალი, ორი პოლკოვნიკი, სამი ვიცე-პოლკოვნიკი და ასევე რუსეთის არმიის უფრო დაბალი რანგის 12 ოფიცერი დაიღუპა. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ბოლო დროს ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგები მაღალი რანგის ოფიცრების მხრივ, რუსეთის არმიამ მხოლოდ ომის პირველ თვეებში განიცადა. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს არის რუსეთის სამხედრო დანაკარგების ყველაზე მინიმალური შეფასება "და რეალური რიცხვი ნამდვილად უფრო მაღალია".

ბოლო გამოკვლევაში ყველაზე დიდი დანაკარგი გამოვლინდა იმ პატიმრებში, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რიგებში იბრძოდნენ. ჟურნალისტებმა დაადგინეს 5211 ყოფილი მსჯავრდებულის ვინაობა.

მათთვის ასევე დადასტურებულად არის ცნობილი 2275 მობილიზებული რუსი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. მათი 60% უკრაინაში ბრძოლის დროს 2023 წლის 1 იანვრიდან დაიღუპა.

დანაკარგების რეალური მაჩვენებელი, კვლევის ავტორების აზრით, შეიძლება იყოს მინიმუმ ორჯერ მეტი. ამრიგად, დაღუპულთა რიცხვი, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, შეიძლება იყოს 55 ათასი სამხედრო. ხოლო ე.წ. სანიტარიული დანაკარგი (დახოცილები, დაჭრილები და მწყობრიდან გამოსულები) შესაძლოა სულ ცოტა 247 ათას ადამიანს შეადგენდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ რიცხვებზე კომენტარს არ აკეთებს. საკუთარ დანაკარგებს არც უკრაინა ამჟღავნებს, სამაგიეროდ ამტკიცებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ომის 500 დღის განმავლობაში დაახლოებით 2 334 400 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.