გერმანია უკრაინისთვის კასეტური იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, განაცხადა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 7 ივლისს.
წინა დღეს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი გეგმავს კიევისთვის ამ იარაღის მიწოდებას.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ აპირებს 7 ივლისს გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 800 მილიონ დოლარიანი პაკეტის შესახებ, რომლის ნაწილი კასეტური საბრძოლო მასალები იქნება.
კასეტური იარაღი აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), რომელშიც 2008 წლის მაისის შემდეგ გაერთიანებულია 111 ქვეყანა, მათ შორის გერმანია.
უფლებადამცავი ორგანიზაციები წინააღმდეგი არიან უკრაინისთვის ამ ტიპის იარაღის მიწოდებისა და ასეთივეა გერმანიის პოზიცია, განაცხადა ანალენა ბერბოკმა, იტყობინება Reuters-ი.
როგორც რუსეთის, ისე უკრაინის არმიებმა გამოიყენეს კასეტური საომარი საშუალებები, რის გამოც იხოცებოდნენ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები, ნათქვამია უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის 6 ივნისის ანგარიშში.
კასეტური იარაღის აკრძალვის კონვენციას არ შეერთებია აშშ.