ცერცვაძე: ინფექციურში ჩამოვიდა წვიმა, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა დოკუმენტაცია

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შენობაში, ძლიერი წვიმის დროს, ჩავიდა წყალი, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, აცხადებს ცენტრის ხელძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 4 ივლისს მოხდა.

მისივე თქმით, „ავერსი-ფარმამ“, რომელიც ცენტრის ტერიტორიასა და შენობის მესაკუთრეა 2009 წლიდან, „გამიზნულად გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსს, რათა თანამშრომლებს თავზე აწვიმდეს“.

„თანაშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს (არასამუშაო) საათებში“, - წერს ცერცვაძე 7 ივლისს გამოქვეყნებულ ფეისბუკ პოსტში.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება ავადმყოფებს აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით. ცენტრი, ასევე, პასუხისმგებელია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოვიდ-პანდემიის პერიოდში.

2022 წელს სახელმწიფომ ცენტრს 11-სართულიანი ახალი შენობა გადასცა და რემონტიც დაიწყო.

პირობებს ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც „ავერსს“ ეკუთვნის და რომლის ქირასაც სახელმწიფო იხდის, ცერცვაძე „კაბალურსა“ და პერსონალისა და ავადმყოფების ღირსებისშემლახველს“ უწოდებს.

ასევე ნახეთ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი იწყება. პანდემიის დასრულებამდე მოესწრება?