„პრაიდის კვირეულის" საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ბანკის ანგარიშები გაეყინა

"პრაიდის კვირეულის" საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ, 2021 წელი, ივლისი

„პრაიდის კვირეულის" საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზურა ზუკაკიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი ბანკის ანგარიშები, სადაც მოქალაქეები აქციის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თანხას რიცხავდნენ, დაბლოკილია.

„TBC ბანკის შემდეგ, საქართველომაც დაბლოკა ანგარიში“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, პირის სახელისა და გვარის დაკონკრეტების გარეშე, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „არ არის გაყინული იურიდიული პირის ანგარიში, გაყინულია ფიზიკური პირის ანგარიში AML პროცედურის შესაბამისად“.

როგორც ბანკში გვეუბნებიან, დამატებით დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა.

რაც შეეხება Anti Money Laundering (AML) საერთაშორისო პროცედურას, ბანკის განმარტებით, ეს არის მექანიზმი, რომლითაც კონტროლდება ანგარიშებისა და საერთაშორისო ტრანზაქციების კანონიერება:

„ეს არის წარმოადგენს მხოლოდ ჩვენს ვალდებულებას, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომლითაც მოქმედებენ ბანკები. ამ პროცედურით განისაზღვრება, რამდენად აქვს უფლება ამა თუ იმ ანგარიშს, რომ იყოს გახსნილი. ამჟამად კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიში გაყინულია“.

თიბისი ბანკი არ აკონკრეტებს არც ანგარიშის გაყინვის ვადას.

რაც შეეხება საქართველოს ბანკს, რომელსაც მივმართეთ ანალოგიური კითხვით მივმართეთ, დაბლოკილია თუ არა ზურა ზუკაკიშვილის ანგარიში და თუ კი, რის საფუძველზე? იქ გვპასუხობენ, რომ თუკი ბანკი განცხადების გაკეთებას დააპირებს, შეგვატყობინებენ.

რამდენიმე დღეა ზურა ზუკაკიშვილი „პრაიდის კვირეულის“ საწინააღმდეგო აქციის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თანხას აგროვებს. ამის შესახებ ის სამი დღის წინ წერდა სოციალურ ქსელშიც და მოქალაქეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიდა:

„არ შემიძლია არ ვახსენო ის უამრავი ადამიანი, რომლებიც 10-10 ევროს, 10-10 ლარს, უკანასკნელ თეთრებს აგზავნიან, ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად, რეგიონებიდან სრული ძალების მობილიზებისა და ორგანიზების საქმისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამ ფასდაუდებელი გვერდში დგომისთვის!“, - წერდა ის.

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ".

"პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას", - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

ასევე ნახეთ საპატრიარქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას კანონით შეზღუდოს "ლგბტ მოძრაობა"