Raiffeisen Bank-ი, ომის დასრულების იმედით, რუსეთიდან გასვლას აყოვნებს

ავსტრიული ფინანსური კონგლომერატი Raiffeisen Bank International (RBI) რუსეთის ბაზრიდან გასვლას იმ იმედით აყოვნებს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან მალე დასრულდება. ამის შესახებ Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.


ამავე ცნობით, ბანკის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ავსტრიის ხელისუფლება, რომელიც აქტიურად იცავს ფინანსურ ჯგუფს აშშ-სა და ევროპაში. ავსტრია მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ვენას არ სურს მოსკოვთან ურთიერთობის სრული გაწყვეტა, განუცხადეს Reuters-ს თანამოსაუბრეებმა.

ის, რომ RBI-ს 2023 წლის შემოდგომისთვის სურს თავისი რუსული ბიზნესის გაყვანა ჯგუფიდან, მარტში გახდა ცნობილი. წყაროები ამბობენ, რომ ავსტრიულ ჯგუფს ჯერ არ მიუწოდებია თავისი გეგმა ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, რაც ნაკლებ სავარაუდოს ხდის უახლოეს თვეებში რუსეთიდან Raiffeisen Bank-ის გასვლას.

გარდა ამისა, RBI-ს ასევე დასჭირდება რუსეთის ცენტრალური ბანკის და ფინანსთა სამინისტროს, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის თანხმობა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ბანკს მიანიშნა, რომ სურს ბაზარზე მისი დარჩენა, რადგან ის კვლავ იძლევა SWIFT-ის სისტემის გამოყენებით საერთაშორისო გადახდის შესაძლებლობას.

  • რუსეთში მოქმედებს RBI-ს შვილობილი კომპანია- Raiffeisenbank-ი, რომელიც შედის სისტემურად მნიშვნელოვანი რუსული ბანკების სიაში.
  • წლის დასაწყისში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო RBI-ის შემოწმება რუსეთის, ისევე როგორც დონბასის, უკრაინისა და სირიის ტერიტორიებზე მისი საქმიანობასთან დაკავშირებით. მაშინ ავსტრიულმა ჯგუფში განაცხადეს, რომ სრულად თანამშრომლობენ ამერიკულ უწყებასთან.