„ეს კონფლიქტი კი არა ომია“ - შეუსწორა ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს

უკრაინისა და ბულგარეთის პრეზიდენტების შეხვედრა სოფიაში. 6 ივლისი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სოფიაში გამართულ შეხვედრაზე შეუსწორა ბულგარელ კოლეგას, რუმენ რადევს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს ჩვენს რეგიონში. კონფლიქტი აფართოებს მის სივრცით მასშტაბებს“, - განაცხადა რუმენ რადევმა, რომელიც ვარაუდობს, რომ „კონფლიქტი“ გადაიზრდება გამომფიტველ ომში და არ არსებობს სამხედრო გზით მისი გადაჭრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ბულგარელ ხალხს „ესმის, რომ ეს კონფლიქტი კი არა - ომი. რადგან კონფლიქტის დროს ქვეყანას მილიონობით ადამიანი არ ტოვებს“.


ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბულგარეთს ურჩევნია, რომ იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამ იარაღით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისის იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

ვიზიტის დროს ზელენსკი ასევე შეხვდა ბულგარეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, რომელმაც გასულ თვეში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშკარად მიანიშნა, რომ წინ დროებითი მთავრობისგან განსხვავებით მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო იარაღით დახმარებას.


"ბულგარეთი თანმიმდევრულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, რადგან ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის",-განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ.

"რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იკისროს პასუხისმგებლობა", - დასძინა დენკოვმა.


რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, 6 ივლისის შეხვედრაზე სოფიაში რუმენ რადევმა კვლავ გაიმეორა, რომ წინააღმდეგია უკრაინაში იარაღის გაგზავნის და მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

რადევი კიევის იარაღით დახმარებას ომის წაქეზებად მიიჩნევს.

ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრ დენკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება პარლამენტის 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაეგზავნოს. მაგრამ ბულგარეთის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება.