მიშა მშვილდაძის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების მიხედვით ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისმობს. გამოძიებას აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

5 ივლისს, ტელეკომპანია "ფორმულაში" გამართულ ბრიფინგზე. გადაცემა "შაბათის ფორმულის" წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა თქვა, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა.

ტელეკომპანიის დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს, მოუწოდა, გამოიძიოს, რატომ იყვნენ ჩართული სამართალდამცველები მიშა მშვილდაძის ცემის ორგანიზებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტელეკომპანია "ფორმულის" წარმომადგენლებმა "გამოძიებას უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვთ და გამოძიება დაადგენს ყველაფერს". უწყებაში არ განმარტეს, არის თუ არა მათი თანამშრომელი ის კაცი, რომელიც კადრებში ჩანს.

27 ივნისს თბილისში ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს, დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს, დააკავა ძალადობის მუხლით.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ვისი სახელითაც ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძეს. ფეისბუკანგარიშზე, სადაც ეს „აღიარებითი ჩვენება" 28 ივნისს დაიდო, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. გვერდისა და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო.