საგარეჯოში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და ასევე ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს ქვები და წყლით სავსე ბოთლები დაუშინეს.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა წარმომადგენლები საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან პენსiონერების საბანკო სესხებთან დაკავშირებულ საკითზე სასაუბროდ იყვნენ ჩასული.
შეხვედრის დაწყებამდე ადამიანებმა, რომლებიც თავს "დავით გარეჯის მცველებს" უწოდებენ მედიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს. დაზიანდა სულ ცოტა ერთი ტელეკომპანიის - "რუსთავი 2"-ის ვიდეოკამერა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, მხარში ქვა მოხდა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტს ია გულიაშვილს.
"მოღალატეები", "აქ როგორ ბედავთ ჩამოსვლას", "ნამუსი არ გაქვთ?"- ისმოდა შეძახილები.
საგარეჯოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გარი ბუხნიკაშვილის განცხადებით, დაპირისპირებაში მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებიც მონაწილეობდნენ.
შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი მოგვიანებით გამოჩნდნენ.
მედიასთან საუბარში ადგილზე მისულმა კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ჯერჯერობით არავინაა. ადგილზე სამართლადმცველები კახეთის სამხარეო პოლიციის საგარეჯოს რაიონულ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.
"სამი წუთიც არ იყო გასული, მყისიერად გამოვცხადდით ადგილზე პოლიციის თანამშრომლები. რომ მოვედით ძალიან მალე განიმუხტა სიტუაცია და არანაირი სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ახლა ვერკვევით სიტუაციაში. ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც [ველაპარაკებით] ვის რა სახის დაზიანებები აქვს მიღებული", - თქვა თეიმურაზ კალანდაძემ.
მსგავსი დაპირისპირება მოხდა 30 ივნისს კასპში.
განახლება:
ინციდენტის შემდეგ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარემ ლევან ხაბეიშვილმა პენსიონერებთან შეხვდრის ჩატარება შეძლო.