საპატრიარქოს იურისტი მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე - "დადასტურებული ინფორმაცია არ გამაჩნია"

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიო

საქართველოს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყრდის შიოს შესაძლო მოწმავლის შესახებ ინფორმაცია მანაც მედიით შეიტყო. მოსაყდრესთან შეხვედრა ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა და მაშინ „არანაირი პრობლემა არ იყო“.

"დადასტურებული ინფორმაცია მე არ გამაჩნია, მეც მედიიდან შევიტყვე, სხვა მსჯელობაში ვერ შემოვალ. დადასტურებული, მყარი, უტყუარი მტკიცებულება არ გამაჩნია. მეუფე იოანემ განმარტა, რომ იყო შეხვედრა ერთი კვირის წინ და მეც მაშინ შევხვდი და მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო" - ეუბნება რადიო თავისუფლებას ედიშერ ქარჩავა.

გუშინ, 6 ივლისს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცნობა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრიაქრის მოსაყდრე შიო, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მოწამლეს. "მთავარი არხს", მათ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთმა თეოლოგმა მიაწოდა. ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

პატრიარქის მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც. ტელეკომპანიის თანახმად, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ“

„რუსთავი 2-ის“ თანახმად მათ ხელთ არსებული „უტყუარი ინფორმაციით“ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება.

„ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ“, - ნათავქმი „რუსთავი 2“- ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უპასუხა, რომ „მეუფე შიოს შესახებ გავრცელებუი ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს“.