სახალხო დამცველმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფრის მდგომარეობის შესახებ შსს-ს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. ის გამოეხმაურა 1 ივლისს „TV პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, აღნიშნულია არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია.

სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, აღირიცხოს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე.