რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს საფუძველს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებისთვის, რომელსაც 17 ივლისს ეწურება ვადა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბაზრებზე საკვებისა და სასუქების რუსული ექსპორტის ნორმალიზებასთან დაკავშირებით ვითარება „დეგრადაციას განაგრძობს“.
ამასთან, სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საჭირო ღონეს ხმარობს, რათა შეთანხმებაში მონაწილე ყველა გემმა შეძლოს შავი ზღვის დატოვება შეთანხმების ვადის ამოწურვამდე.
3 ივლისს გაზეთი Financial Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მარცვლეულის გარიგების გადარჩენის მიზნით ევროკავშირი განიხილავს „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის SWIFT-თან დაკავშირების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანკი რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის. სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ იდეას უწოდა „აშკარად გაუვალი“ და აღნიშნა, რომ ფილიალის გახსნას მრავალი თვე დასჭირდება.
შარშან ივლისში რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით მოაწერეს ხელი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას შავი ზღვის პორტებიდან, რომლებიც დაბლოკილია მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, საუბარი იყო განვითარებად ქვეყნებში საქონლის მიწოდებაზე. მას შემდეგ გარიგება რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
მაისში, როდესაც მოსკოვი დათანხმდა ხელშეკრულების კიდევ ორი თვით გაგრძელებას, რუსეთის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება შეიძლება შეწყდეს, თუ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის დაბრკოლებები არ მოიხსნება. მოსკოვის ერთ-ერთი პირობა იყო „როსსელხოზბანკის“ ხელახალი დაკავშირება საბანკო გადახდების დამუშავების საერთაშორისო სისტემა SWIFT-თან. ეს ბანკი, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსული საკრედიტო ინსტიტუტი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების ფარგლებში მოსწყდა SWIFT-ს.
ივნისის დამდეგს უკრაინამ რუსეთი მარცვლეულის ინიციატივის ახალ შეჩერებაში დაადანაშაულა. კიევი ამტკიცებდა, რომ რუსულმა მხარემ დაბლოკა გემების რეგისტრაცია უკრაინის ყველა პორტში და ამ ქმედებებს შეთანხმებების „უხეში დარღვევა“ უწოდა.