ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატის რანგში პირველად მოინახულა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ჟურნალისტების კითხვებს მან კლინიკის დატოვების შემდეგ უპასუხა და თქვა, რომ სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოსთვის მიმართვა "დრამატული შეცდომა", "პროპაგანდისთვის საჩუქარი" იყო.
"ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი არაა მძიმედ ავად. ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ იგი არ მოკვდეს. პროგნოზირებადი იყო, რომ ასეთი იქნებოდა მათი პასუხი.
სხვა შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი. [ალექსეი] ნავალნის პრეცედენტი არ იყო სიმეტრიული პრეცედენტი, მის შემთხვევაში საკუთრივ რუსეთის ხელისუფლება ამბობდა: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არ ვიცით, რა სჭირს და კვდება. საქართველოს ხელისუფლება ამბობს: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვიცით, რა სჭირს და ის არ მოკვდება... ეს არ უნდა გაეკეთებინათ, ეს იყო პროპაგანდისთვის საჩუქარი", - აღნიშნა გვარამიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, ხოლო რას გააკეთებს ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მისი გადასაწყვეტია. "მე მის ადგილზე განცხადებებს, რომელიც აკეთა აქამდე, არ გავაკეთებდი, არ ვიჩქარებდი. მე ეს მას ვუთხარი", - დაამატა ნიკა გვარამიამ.
მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა ის, რომ "განახევრებული ადამიანი" დახვდა.
"უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება, ეს საკითხი გადასაწყვეტია. რაც უფრო სწრაფად და დადებითად იფიქრებს ამაზე ბიძინა ივანიშვილი, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და მისთვის, პერსონალურად".
3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ვიდეოზარის ფორმატში გამოჩნდა თბილისის საქალაქოს სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.
სხდომაზე ჩართვისას მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".
"მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემ წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და თავისი მდგომარეობის ხაზგასასმელად, მაისური აიწია.
12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი 11 აპრილს გაიგზავნა.
მანამდე, თებერვალში, საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
- 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
- საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
- დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.