პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მადლობას უხდის, რომ მისთვის მოიცალა „გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს.“
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი“, - წერს სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე,
„როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან ასევე დიდი მადლობა Андрій Єрмак Михаил Подоляк Dmytro Kuleba“, - წერს სააკაშვილი.
4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.
საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.