საქართველოს ახალგაზრდულმა სარაგბო ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. „ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა“ C ჯგუფში შეჯიბრების მასპინძელთან და ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან დაძაბულ ბრძოლაში წაგებისა (23:33) და არგენტინის ნაკრების სენსაციურად ძლევის (20:0) შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიას აჯობეს - 30:17, თან ბონუს ქულაც აიღეს, ოთხი ლელოს გატანისთვის.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამ თამაშში ცხრა ქულა მოაგროვა და უკვე გაინაღდა მინიმუმ მეორე ადგილი და საბოლოო, მეხუთე-მერვე ადგილების პლეი-ოფის საგზური. თუმცა ეს ახლა ყველაზე ცუდი ვარიანტია ქართველი მორაგბეებისთვის.
C ჯგუფში ერთადერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი - სამხრეთ ამერიკასა და არგენტინას შორის. ამ გუნდებს, ორ-ორი თამაშის შემდეგ, ანგარიშზე თითო მოგება და წაგება და ხუთ-ხუთი ქულა აქვთ და სწორედ მათი მატჩის შემდეგ გაირკვევა, ქართველი მორაგბეები შეინარჩუნებენ თუ ვერა პირველ ადგილს და გააგრძელებენ თუ ვერა ბრძოლას მსოფლიოს უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრების ტიტულისთვის. საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალის საგზურის გასანაღდებლად სჭირდება არგენტინის გამარჯვება ბონუს ქულის გარეშე ან ფრე.
„ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს თასების ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწიეს 2018 წელს, როდესაც მეცხრე ადგილი დაიკავეს.