მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარდგენის ფარგლებში მხოლოდ სატელევიზიო ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.
ასევე ნახეთ უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობსირაკლი კობახიძის თქმით, არ სურს „ამ თემაში ღრმად შესვლა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში“. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.
„შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. თუმცა, ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
.