უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის დაბა კუბინკაში მდებარე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ წერენ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.
სამხედრო ობიექტი დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 36 კილომეტრში მდებარე კუბინკაში განთავსებულია საავიაციო ბაზა და საჰაერო-სადესანტო ძალების ბრიგადა.
ტელეგრამ-არხის, 112-ის თანახმად, გამთენიისას, დრონით დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ადმინისტრაციულ შენობაზე. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
ასევე ნახეთ რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვზე დრონებით შეტევის მცდელობა იყომანამდე, კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის მცდელობა იყო და სამხედროებმა 2 დრონი ჩამოადგეს დასახლება ვალუევოში და 1 - კალუგის ოლქში.
ეს არ არის მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის პირველი შემთხვევა.
- 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
- 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
- 21 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია" მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.