პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებმა ოფიციალურად უჩივლეს პენიტენციარულ კოლონიას, რომელშიც ნავალნი იმყოფება. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ პატიმრის მონახულების უფლებას არ აძლევენ.
ნავალნის ოჯახმა 3 ივლისს პოლიტიკოსის სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ ყველა პატიმარს აქვს უფლება, წელიწადში სამი სამდღიანი და სამი ოთხსაათიანი შეხვედრა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან, თუმცა ნავალნისთან ნათესავებს წელიწადის განმავლობაში არ უშვებენ. ოჯახის განცხადებით, ნავალნის სატელეფონო საუბარი ოჯახთან ბოლოს 11 თვის წინ შედგა.
ნავალნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.