"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მიმართავს, რას გეგმავენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მელია ფეისბუქზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც თანაპარტიელებს სააკაშვილის საკითხზე დანაპირებების შეუსრულებლობას შეახსენებს.
"რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის - რაც არასდროს გამიკეთებია).
ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.
ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ ოცნების მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური "ოპოზიციონერობისათვის".
ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის ლიდერშიფი კომედიურ ტვ შოუებში; აი ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ...", - წერს მელია და კითხვით მიმართავს მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელებს, პარტიის თავმჯდომარეს, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და "იმ ჯგუფს, რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე, ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა".
"ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?"
რადიო თავისუფლება ნიკა მელიას განცხადების შეფასებისთვის "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირდა. პარტიაში ამბობენ, რომ მასზე "კომენტარს არ აკეთებენ".
30 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია. ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს რიგები არაერთმა პოლიტიკოსმა დატოვა.
ასევე ნახეთ ახალი რეალობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ვინ ვინ არის?