ხარაგაულში იპოვეს მეწყრის შემდეგ მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის ცხედარი

საილუსტრაციო ფოტო

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხარაგაულში, სოფელ მარელისში იპოვეს ფერდობიდან ცენტრალურ სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის ცხედარი.

მაშველები მას ბოლო ორი დღეა, ეძებდნენ. უწყების განცხადებით, საძიებო სამუშაოების დროს ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია.

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, დღეს, 3 ივლისს, 17:00 საათიდან რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა განახლდება.

მათივე ინფორმაციით, 3 ივლისის მდგომარეობით, მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

სადგურ მარელისში უხვი ნალექის შემდეგ მეწყერი პირველ ივლისს ჩამოწვა, შედეგად დაზიანდა რკინიგზის საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.

მეწყრის შემდეგ კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით გააუქმა სამგზავრო, მათ შორის მაგისტრალური და საგარეუბნო რეისები. შეფერხებული იყო სატვირთო მატარებლების მოძრაობაც.