უკრაინამ ომის დასრულების თავისი გეგმა გაუმხილა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს, კიევში მისი გაუხმაურებელი ვიზიტის დროს. ამის შესახებ იუწყება გამოცემა Washington Post-ი, ვიზიტის მსვლელობაში გათვიცნობიერებულ უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ბერნსი ივნისში ესტუმრა კიევს და შეხვედრები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელებთან, - წერს გამოცემა. უკრაინის წარმომადგენლებმა ბერნსს უთხრეს, რომ შემოდგომისთვის გეგმავენ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნებას, აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლას, არტილერიის და სარაკეტო სისტემების ანექსირებულ ყირიმთან განთავსებასა და შემდეგ მოსკოვთან მოლაპარაკებაზე წასვლას. ამის შესახებ გამოცემას უამბო გეგმის მცოდნე სამმა პირმა.
"იდეალურ სცენარში" უკრაინის სამხედროები ამით მოიპოვებენ რუსეთზე ზეწოლის ბერკეტს, ყირიმის საზღვართან ჯარის და მსხვილი შეიარაღების განთავსებით და, ასეთი ფორმით, რეგიონის "მძევლად აყვანით", - წერს WP. ამის შემდეგ, როცა დათანხმდება, არ დაამყაროს ნახევარკუნძულზე კონტროლი ძალის გამოყენებით, კიევი რუსეთისგან მოითხოვდა უსაფრთხოების გარანტიებს, - ამბობენ უკრაინის წარმომადგენლები.
"რუსეთი მოლაპარაკებას დათანხმდება მხოლოდ მაშინ, თუკი საფრთხეს იგრძნობს", - უთხრა WP-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბერნსის კიევში ვიზიტი შედგა გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამდე. მომხდარის შემდეგ ბერნსმა დაურეკა რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს, რათა პირადად ეთქვა, რომ აშშ-ს კავშირი არ ჰქონდა ამბოხებასთან, - იუწყება The Wall Street Journal-ი. მანამდე ამ განცხადებით საჯაროდ გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.