ბელარუსის საერთაშორისოდ იზოლირებული, ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბელარუსებს მოუწოდებს "არ იდარდონ" ქვეყანაში რუსული სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" მებრძოლების ჩასვლის გამო, რუსეთში მათი ხანმოკლე ამბოხების შემდეგ. ლუკაშენკას მოწოდების ფონია გავრცელებული სატელიტური სურათები, რომლებიც აჩვენებს აღმოსავლეთით გამართულ კარავთა ბანაკს, რომელშიც, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შეფასებით, 15 000-მდე სამხედრო შეიძლება მოთავსდეს.
ლუკაშენკამ მოქალაქეებს დამშვიდებისკენ 30 ივნისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში მოუწოდა.
"ვაგნერის" მებრძოლები მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ რუსეთის საომარი ძალისხმევისა უკრაინაში, სანამ მათი ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ათასობით მებრძოლს ჩართავდა ამბოხებაში და მოსკოვისკენ მსვლელობაში, არმიის არაკომპეტენტურობის გაპროტესტების ფონზე. გავრცელებული ცნობებით, პრიგოჟინსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შუამავლის ფუნქცია ლუკაშენკამ იტვირთა 24 ივნისს, კრიზისის პიკის დროს, და პრიგოჟინს და მისი მეომრების დაუკონკრეტებელ რაოდენობას უსაფრთხო თავშესაფარი შესთავაზა.
"ეს პრობლემა გადაჭარბებულად წარმოაჩინეს" - თქვა ლუკაშენკამ თავის გამოსვლაში ბელარუსში "ვაგნერელების" ჩასვლის თაობაზე.
ბელარუსის მოგილიოვის ოლქში, ასიპოვიჩის რაიონში, სოფელ ცელთან რამდენიმე დღეში ააგეს კარვების ბანაკი. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური, რომელმაც შეისწავლა სატელიტური ფოტოები. ჟურნალისტების თანახმად, ბანაკი განთავსებულია მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ბელარუსის ოფიციალურ პირებს ბანაკის დანიშნულებაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.