ევროკავშირის ლიდერები: უკრაინას გავუწევთ სამხედრო მხარდაჭერას "იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება"

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე. 30 ივნისი. 2023 წელი

ევროკავშირის ლიდერების ორდღიან სამიტზე, სადაც მთავარი თემა იყო უკრაინის ომი და თავდაცვის გაძლიერება, ბლოკმა გააკეთა განცხადება, რომელშიც გაიმეორა ვალდებულებები "უკრაინის მტკიცე სამხედრო მხარდაჭერის შესახებ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება". ბლოკის 27 წევრის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან პარტნიორებთან ერთად წვლილი შეიტანონ უკრაინის უსაფრთხოების საქმეში მომავალშიც, რაც დაეხმარება უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას თავი, შეაჩეროს აგრესიის აქტები და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის მცდელობებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც შეუერთდა სამიტს, ხაზი გაუსვა რუსეთის ხელმძღვანელობის სისუსტეებს, რომლებიც ღიად გამოიკვეთა „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინისა და მისი ათასობით დაქირავებული მებრძოლის 24 ივნისის ამბოხების დროს. „ამბოხება, რომელიც ჩვენ შაბათ-კვირას ვნახეთ, მეტყველებს იმაზე, რომ არის ბზარები და განხეთქილებები რუსეთის სისტემაში“, - თქვა სტოლტენბერგმა. „აქვე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს არის შიდა რუსული საკითხები“, განაცხადა მან ბრიუსელში.

სამიტს ვიდეოხიდით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ ბოლო წარუმატებელმა ამბოხებამ აჩვენა რუსეთის „სისუსტე“ და განაცხადა, რომ ეს დაეხმარება კიევს მოსკოვთან ბრძოლაში ამ სასტიკ ომში, რომელიც 15 თვეა გრძელდება.