თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ნიკოლოზ გუგეშაშვილს, რომელიც ბრალდებულია ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეში.
ტელეკომპანია „ფორმულის" ცნობით, დაცვის მხარე საპატიმრო ღონისძიების ნაცვლად, გირაოს, 20 ათასი ლარის შეფარდებას მოითხოვდა.
შსს-ს გამოძიების ვერსიით, 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).
მშვილდაძეზე თავდასხმის შემდეგ, ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით „ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძეს.
ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო.
ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით ფეისბუკის სტატუსი თითქმის მსგავსია პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სოსო მაისურაძის განცხადებისა, რომელიც მან ასევე ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. მაისურაძე გუგეშაშვილის მსგავსად მიუთითებდა, რომ არ აპირებდა მიმალვას და თავდასხმის მიზეზად ასახელებდა ზურა ჯაფარიძის შეხედულებებს.
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის საკითხი დააყენა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი გმობს ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას